9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება

1258

9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსებისათვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებებიდან 10 000 000 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება უშუალოდ პროგრამას, აღნიშული თანხა არის სუბსიდია, რომლითაც სახელმწიფო კონკრეტულ სასურსათო პროდუქტებზე სავალუტო კურსის ცვალებადობით გამოწვეული ფასის ზრდას დააზღვევს.

პროგრამა ითვალისწინებს იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

წინასწარაა განსაზღვრული სავალუტო კურსი, რომელის ზემოთაც სხვაობის სუბსიდირება მოხდება. კერძოდ, სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით კონვერტაციის დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება აღემატება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს.

დადგენილებით განსაზღვრულია სანქციებიც, თუ კომპანია არ შეასრულებს ვალდებულებას და სუბსიდირების მიღების შემდეგ პროდუქტების ფასებს გაზრდის. უფრო კონკრეტულად, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.