კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის მერის – გიორგი ტატუაშვილის გადაწყვეტილებით:
1. დიალიზის საჭიროების მქონე პირებს, რომლებიც ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტში და სამედიცინო მომსახურებას იღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის გარეთ, გამოეყოთ სპეციალურად თანხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით.
2. შემქმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დმანისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს ექიმებისათვის სპეციალურად გამოიყო სატრანსპორტო რესურსი, რათა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.