საგარეჯოს მერიამ იორმუღანლოში საინფორმაციო კამპანია დაიწყო

466

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ იორმუღანლოს თემში საინფორმაციო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის და მოსახლეობის ინფორმირებისთვის, აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდა სპეციალური ფლაერები, რომელიც მოსახლეპბის თავშეყრის ადგილებზე გაიკრა და უბნებში დარიგდა.

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთან და კრიზისების მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად, ვირუსის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა, მსოფლიო ჯანდაცვისა და მთავრობის რეკომენდაციები ადგილზე გააცნო, აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი სპეციალური განცხადებები სოფლის წარმომადგენლებს გადასცა და მოქალაქეებს თავშეყრისგან თავისარიდებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა”, – განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოსახლეობის თვითმკურნალობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

“მერიის თანამშრომლები ადგილზე იყვნენ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საგარეჯოს ფილიალის წარმომადგენლებთან ერთად. ასევე გავესაუბრეთ სოფელში მცხოვრებლებს, ამბულატორიის და ოჯახის ექიმებს გავესაუბრეთ. ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”,  განაცხადეს მერიაში.

გუშინ, 23 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ კახეთში აზერბაიჯანულ დასახლებებს განსაკუთრებულად  გააკონტროლებენ.

ასევე ითქვა, რომ თელავის სოფელ ყარაჯალას მაცხოვრებელთა ნაწილი, შესაძლოა, კავშირში იყო მარნეულის კლასტერთან, რადგან ადგილობრივი აგრარული ბაზარი მარნეულიდან მარაგდება.

ამასთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, სოფელ კაბალში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმ ინფორმაციის მოსაძიებლად, ჰქონდათ თუ არა მარნეულთან კონტაქტი ადგილობრივებს.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.