ლაგოდეხის სოფელ კაბალში იკვლევენ, ჰქონდათ თუ არა მარნეულთან კონტაქტი ადგილობრივებს

621

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ჯამბურიას ინფორმაციით, სოფელ კაბალში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა იმ ინფორმაციის მოსაძიებლად, ჰქონდათ თუ არა მარნეულთან კონტაქტი ადგილობრივებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

პარალელურად კორონავირუსისგან თავის დასაცავად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, მათ შორის კაბალშიც, მოსახლეობის აქტიური ინფორმირება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სოფელ კაბალში მერიის ინიციატივით, უბნებში სპეციალური მანქანებით და რუპორებით მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, როგორ დაიცვან თავი ვირუსისგან.

,,კაბალში ისევე როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება როგორც სოციალური ქსელების, ასევე სოფლებში მერის წარმომადგენლების, დეპუტატების და სპეციალისტების დახმარებით.

რადგან ასეთი სიტუაციაა, კაბლის თემთან აქტიურად ვმუშაობთ. ამ წუთებში სოფელში დადიან სპეციალური მანქანები და ჩვენი ინიციატივით, რუპორებით ხდება მოსახლეობის ინფორმირება აზერბაიჯანულ ენაზე იმასთან დაკავშირებით, რომ დარჩნენ სახლში, დაიბანონ ხშირად ხელები და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ ექიმს. მომავალში ვფიქრობთ სპეციალური ბუკლეტების დამზადებას და მოსახლეობაში დარიგებას”,– განუცხადა knews. Ge-ს კახა ჯამბურიამ.

მისი განმარტებით, ჰქონდა თუ არა მოსახლეობას კავშირი მარნეულთან, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ.

,, სოფელში მუშაობენ სამართალდამცავები და მერიის წარმომადგენლები, რომ გავარკვიოთ ჰქონდათ თუ არა კავშირი მარნეულთან. წელს ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ ბაირამობის დღესასწაულის არ ჩატარების  პრევენციიდან გამომდინარე.

ასევე აღარ ტარდება სოფელში ლოცვები და დაკეტილია მეჩეთები.

ახლანდელი მდგომარეობით, არცერთი მოქალაქე არ არის დადგენილი, რომელსაც შესაძლოა მარნეულთან ჰქონდეს კავშირი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინფორმირებას და ვატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს”, – განაცხადა ჯამბურიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება უნდა უზრუნველყოს. ასევე, პრემიერის განცხადებით, მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს შსს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კარანტინის პერიოდში ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ყოველგვარი ეკონიმიკური საქმიანობა ჩერდება, ასევე, თურნავას განცხადებით, ეკონომიკურ გუნდს დავალებული აქვს, დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოს, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბოლნისსა და მარნეულში.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.