„შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
მინისტრის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გრძელდება და მასთან დაკავშირებული მომსახურება საგანგებო პირობებით შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის ნუსხაში არ შედის. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული მომსახურება გრძელდება, თუმცა ტესტირების ცენტრებში საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.