ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩინეთიდან საქართველოში ხვალ ჩამოვა 1 000 ტესტი, რომელიც ასევე PCR ტექნოლოგიებს ემყარება.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საჩუქარი, რომელიც საქართველომ მიიღო და ამისთვის აპარატი უკვე ჩამოსულია ქვეყანაში.
მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განაგრძობს ამ ტესტების გამოყენებას იმ სქემით, რასაც აქამდე იყენებდა.
„რაც შეეხება უკვე ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, რომელიც ასევე ჩინეთიდან მოდის, მაგრამ ეს არის ის მოდელი, რაც სამხრეთ კორეაში იყო გამოყენებული და ეს ტესტები ჩინეთშია წარმოებული, ვფიქრობთ, რომ ეს კვირის ბოლოს ჩამოვა. ჩინეთიდან ამ ტესტების პარტიის ტრანზიტი ხვალ დაიწყება. შემდეგ უკვე ეტაპობრივად ველოდებით დამატებითი რაოდენობის ტესტებს, რომელიც აპრილის დასაწყისში იქნება. უკვე შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ამ ტესტების გამოყენება მეტად გაფართოვდეს. პრიორიტეტული ჯგუფები იქნება სამედიცინო პერსონალი, ასევე მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფი პაციენტი, რომელიც იქნება კონტაქტი და სიმპტომური პაციენტი“, – განაცხადა გაბუნიამ.
კითხვაზე, რამდენად მოახერხებს ჩვეულებრივი მოქალაქე ამ ტესტის გამოყენებას და მას უაცილებელია თუ არა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება, თამარ გაბუნიამ უპასუხა, რომ მოქალაქეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ექიმის დანიშნულება.
„ამ შემთხვევაში ტესტის ჩატარება მხოლოდ სურვილით შესაძლოა, არ იყოს მიზნობრივი და ის ძვირფასი რესურსი, რომელიც ჩვენ ტესტის სახით გვაქვს, გაიხარჯოს. ამდენად აქ ეპიდემიოლოგებისა და საექიმო შეფასების გარეშე ტესტის ჩატარებაზე, ძალიან გთხოვთ, ნუ გვექნება მოლოდინი, რომ როდესაც ტესტები ქვეყანაში შემოვა, შეგვიძლია მარტივად მივიდეთ და გავიკეთოთ ტესტი. ამას სჭირდება წინაპირობა, შეფასება ექიმის და ეპიდემიოლოგის დასკვნა“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.