საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, ჩერდება საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე, პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
ასევე, ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების მოქმედება.
დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორს მიეცა უფლება, შეაჩეროს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და განხილვის, ადმინისტრაციული სახდელის დადების ხანდაზმულობის ვადები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების ჩაბარების ან გაგზავნის, ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებების აღსრულების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა”.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.