საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად ხელისუფლება მზადაა, თუმცა დახმარების აღმოჩენა გადასასვლელი პუნქტების დაკეტვის გამო ვერ ხერხდება.
„ჩვენ ვართ მაქსიმალურად ღია და გახსნილი იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს რომლებიც არიან საოკუპაციო ხაზს მიღმა მაქსიმალურად დავეხმაროთ, ამაში ჩართული გვყავს საერთაშორისო პარტნიორები. ამის ცალკეული შემთხვევები ხერხდება, მაგრამ ძირითად შემთხვევებს ვერ ვახერხებთ, გამომდინარე იქიდან რომ ოკუპირებულ რეჟიმს აქვს ბლოკირებული და დაკეტილი გადასასვლელი პუნქტები, ამიტომ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ და გამოვხატავ საქართველოს ხელისუფლების მზაობას სრული დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს არის მძიმე სიტუაცია და გვერდზე უნდა გადაიდოს ნებისმიერი სხვა საკითხი“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში ამ დროის მონაცემებით, 54 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 8.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის შემთხვევებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.