საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, იკრძალება ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, მათ შორის, კონცერტები, სპექტაკლები, დროებითი და მუდმივი გამოფენები, რეპეტიციები, გასტროლები, მასტერკლასები, ტრენინგები და კონფერენციები, გარდა დისტანციური ფორმისა.
იკრძალება, ასევე, ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.
ფოტო: tormeti.com