საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცემული დადგენილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდება. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი უნდა განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, თუ ასეთის შესაძლებლობა არსებობს.
დადგენილების თანახმადვე, 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები უნდა გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა.
აიკრძალა, ასევე, ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.
შეჩერდა, ასევე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებებიც.
“ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პრიფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე”, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 192 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 8 უკვე გამოჯანმრთელდა.