ტიკარაძე: სწრაფი ტესტები საქართველოში 24 მარტიდან შემოვა, ზეგიდან ტესტირება დაიწყება

718

ჯანდაცვის მინისტრის, ეკა ტიკარაძის თქმით, ხვალიდან, 24 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის სწრაფი ტესტების პირველ პარტიას შემოიტანენ და 25 მარტიდან უკვე მოსახლეობის შემოწმება დაიწყება.

“ხვალ, 24 მარტს სწრაფი ტესტების შემოტანას ველოდებით, რაც ნიშნავს, რომ ოთხშაბათიდან შეგვეძლება, დავიწყოთ მოსახლეობის ტესტირება. ეს ჩვენს ექიმებს და ეპიდემიოლოგებს დაეხმარება, დროულად აღმოაჩინონ კორონავირუსის შემთხვევა. ტესტების შემოტანა მოხდება 4 ეტაპად. პირველ ეტაპს ველოდებით ხვალ. რაოდენობა არის საკმარისი, რომ მოხდეს საკმაოდ დიდი ჯგუფების გატესტვა”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, ის ტესტებია, რომლებიც დაავადებას პირველივე დღიდან გამოავლენს.

“თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

23 მარტის მდგომარეობით, საქართველში კორონავირუსის დადასტურებული 54 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

შეგახსენებთ, COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.