ნინო წილოსანი: პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვეულებად იქცა, რაც ვეტოს ინსტიტუტის გაუფასურებას იწვევს

683

პრეზიდენტის მიერ კანონპროექტებზე ვეტოს დადება ჩვეულებად იქცა, რაც ვეტოს ინსტიტუტის გაუფასურებას იწვევს, – ამის შესახებ  ”ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობა და თუ მათ არ გაიზიარებს, ვეტოს დაძლევს.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები არ მოსწონს არც ოპოზიციას და არც არასამთავრობო სექტორს, წილოსანმა ყურადღება ოპოზიციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არის ძალიან დიდი უფსკრული როგორც იდეოლოგიური, ასევე ხედვების თვალსაზრისით.

”მას შემდეგ, რაც ამომრჩეველმა მოგვანიჭა უფლებამოსილება მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კანონპროექტები ჩვენ ამ უფლებას ვიყენებთ. ამასთან, საარჩევნო კოდექსის პროექტში შევიდა მუხლი, რომელსაც თავად ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კონკრეტული კანონპროექტები არ წარმოადგენს მათი უკმაყოფილების საფუძველს”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს და ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.

პარლამენტში სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ოთხშაბათს გაიმართება რიგგარეშე სხდომა, სადაც როგორც მოსალოდნელია, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, თუმცა ”ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაიზიარებენ პრეზიდენტის შეთავაზებებს, თუ  ვეტოს დაძლევენ.

წყარო: ინტერპრესნიუსი