განცხადებების საფუძველზე რომ ვმუშაობდეთ, მითუმეტეს რა განცხადებებიც პრეზიდენტისგან, თუ მისი ადმინისტრაციისგან კეთდება, მერწმუნეთ, ვერ იქნებოდა კარგი შედეგები, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
“მოტივირებულ შენიშვნებს უნდა გავეცნოთ. რა თქვა პრეზიდენტმა ერთია და დოკუმენტი მეორე. ჩვენ განცხადებების საფუძველზე რომ ვმუშობდეთ, მერწმუნეთ, ვერ იქნებოდა კარგი შედეგები, მით უმეტეს რა განცხადებებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, თუ რიგ შემთხვევებში მისი მხრიდან გვესმის. ამიტომ, ვნახავთ მოტივირებულ შენიშვნებს, გავეცნობით და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ, რა იქნება მისაღები და რა – არა”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს და ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნა.
პარლამენტში სავარაუდოდ, მომავალ კვირას, ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომა გაიმართება , სადაც, როგორც მოსალოდნელია, მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, თუმცა ”ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაიზიარებენ პრეზიდენტის შეთავაზებებს, თუ დაძლევენ ვეტოს.
წყარო: ინტერპრესნიუსი