რა წერია მემორანდუმსა და განცხადებაში, რომლებსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ხელი მოაწერეს

1459

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აშშ-ის საელჩო საქართველოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმისა და ერთობლივი განცხადების ტექსტს აქვეყნებს.

მემორანდუმში, რომელიც საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება, წერია:

“ამ დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებაში ცვლილებას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შემდეგ მოდელს განსაზღვრავს. საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა. მანდატების პროპორციული განაწილების წასახალისებლად, დამატებითი ჩამკეტი მექანიზმები და შეზღუდვები დადგინდება საარჩევნო კანონმდებლობით.

30 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გადახრა მათი საერთო საშუალო მაჩვენებლიდან არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოლქების საქართველოს რეგიონების ფარგლებში ფორმირებას, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. საარჩევნო ოლქების განსაზღვრის ზემოაღნიშნული წესებიდან შეიძლება დაშვებულ იქნეს არაუმეტეს სამი გამონაკლისისა უმცირესობათა და მაღალმთიანი მოსახლეობის
წარმომადგენლობის წასახალისებლად ან უნიკალური გეოგრაფიული საჭიროებების გასათვალისწინებლად.

საპარლამენტო უმრავლესობა საჯაროდ წარმოადგენს საარჩევნო ოლქების განაწილების თაობაზე მის წინადადებას საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტში ინიცირებიდანარაუგვიანეს 10  დღისა.

2020 დან 2024 წლამდე შუალედში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პირველი ასეთი არჩევნები ჩატარდება 2020 წლისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად. ყველა მომდევნო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, 2024 წლისთვის საქართველოს კონსტიტუციაში ამჟამად განსაზღვრული წესის მიხედვით. “,- ნათქვამია მემორანდუმში.

ასევე საელჩო აქვეყნებს პოლიტიკურ პარტიათა ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები ეთანხმებიან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას:

“ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის
ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი
სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.”,-ნათქვამია ურთიერთგაგების მემორანდუმში.

გარდა ამისა, საელჩო ავრცელებს ფასილიტატორების განცხადებას საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ”

“ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს – ხალხისა და ქვეყნის – საკეთილდღეოდ”.

როგორც ცნობილია, დღეს საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიცია და მმართველი გუნდი 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან ბარიერსა და ე.წ. ჩამკეტზე – უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შეთანხმდნენ.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ინიციატივით და მონაწილეობით მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” დანაპირები არ შეასრულა და გასული წლის 14 ნოემბერს 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო.