საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, 2019 წელს გაწეული საქმიანობა და 2020 წლის გეგმები გააცნო.
საკუთარ ანგარიშში ვიცე-პრემიერი შეეხო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შედარებით ახალ მიმართულებას – იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2021 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები შენდება 2440 დევნილი ოჯახისთვის.
„უკვე დასრულებულია ბინები 620 ოჯახისთვის მცხეთაში, ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 3 კორპუსის მშენებლობა ქუთაისში 480 ოჯახისთვის. ასევე, მიმდინარეობს და 2021 წლისთვის დასრულდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1340 ოჯახისთვის ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.