“ევროპული საქართველოს” ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო ოპოზიცია 4 აპრილს ჩანიშნულ მასშტაბურ აქციის გადადებას განიხილავს. მისი თქმით, ამ თემაზე გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, თუ რა მდგომარეობა იქნება საქართველოში. ამის შესახებ on.ge წერს.
“თუ ქვეყანაში კორონავირუსის კუთხით მდგომარეობა დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, გაუმჯობესება, თუ ესეთი რეალობა არის, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება”, — თქვა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციას 4 აპრილს 4 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქცია აქვს დაანონსებული, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებასაც გააჟღერებენ. ოპოზიციის ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს, 2 მარტს მორიგ შეხვედრას მართავენ. შეხვედრის დასრულებამდე გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთიანია და ისინი ხელისუფლების შეთავაზებას არ დათანხმდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული 40%-იანი პრინციპის კანონმდებლობაში ასახვა პროპორციის განაწილებას “მეორე და მესამე ხარისხოვანს” ხდის. მისი თქმით, დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ, ხოლო ის, ვინც წააგებს, ნამდვილად ობიექტურად წააგებს.