აფხაზეთ-სამეგრელოს ე.წ. საზღვარზე სოხუმის მიერ გადაადგილების შეზღუდვამ 27 თებერვალს, დღის ბოლოს, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნქტთან მოქალაქეების რიგი დააყენა. ამის შესახებ აივპრესი წერს.
თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფები საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას და საკუთარ სახლებში დაბრუნებას ცდილობდნენ. როგორც „ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა რესპონდენტმა განუცხადა, ე.წ. გამშვბმა პუნქტმა წუხელ გვიანობამდე იმუშავა.
გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყება, რომ გაატარეს მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი ის მგზავრები, რომლებიც დეფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლებად ითვლებიან.
ამავე ინფორმაციით, რიგში მყოფი ყველა პირი მოძრავ ამბულატორიაში ოკუპირეული გალის საავადმყოფოს ექიმებმა გასინჯეს. აფხაზური სააგენტო წერს, რომ ამ ეტაპზე არცერთს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმფტომები არ აღენიშნებოდა.
27 თებერვალს, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ კორონავირუსისგან მოსახლეობის დასაცავად „ბრძანება“ გამოსცა, რომელიც „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს“ აფხაზეთში შესვლას უკრძალავს.
აკრძალვის დაანონსების მიუხედავად, 27 თებერვალს, დილით ენგურის ხიდზე შეზღუდვები არ იყო, თუმცა მოქალაქეებს ხიდის ჩაკეტვის მოლოდინი ჰქონდათ. გადაადგილება დაახლოებით 13:00 საათზე აიკრძალა.
შეზღუდვა 7 აპრილამდე იმოქმედებს. ის არ ეხება რუსეთის მოქალაქეებს, რადგან „მოსკოვთან სოხუმს უვიზო რეჟიმი“ აქვს დაწესებული.