სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019 წელს დამტკიცებული 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში ლანჩხუთის საკრებულოში გაცნობა-განხილვის სტადიაშია. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
სწორედ ამ საკითხზე მოუხდათ მსჯელობა დეპუტატებს, გიგი გვარჯალაძის თაოსნობით, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე. საკითხის განხილვას მერიის სამსახურის უფროსებიც ესწრებოდნენ და შესაბამისი განმარტებებიც გააკეთეს.
კომისიამ მთავარი აქცენტი ანგარიშის ინფრასტრუქტურულ ნაწილზე გააკეთა, სადაც საუბარია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის კუთხით გამოვლენილ სისუსტეებზე, სტიქიის სალიკვიდაციოდ გატარებულ ღონისძიებებსა და სხვა ხარვეზებზე.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ განმარტა, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ დახარვეზებული 14 ობიექტიდან 4-ზე არსებული ხარვეზი აღმოფხვრილია, დანარჩენ ობიექტებთან დაკავშირებით კი გამოსწორების მიზნით კვლავ გაიგზავნა წერილები.
კომისიამ აუდიტის იმ ნაწილზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების არაეფექტურად წარმართვას ეხება, კერძოდ, მოსახლეობისთვის გადაცემულ სახლის გადასახურ სხვადასხვა მასალაზე. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია და სტიქიის შედეგები არ არის ლიკვიდირებული.
ამ საკითხთან მიმართებით კი სხდომაზე განმარტეს, რომ სტიქიის დროს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ლანჩხუთის მერიამ შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაუწია 490 ოჯახს, აქედან 54 ოჯახს (მარტოხელა, სოციალურად დაუცველი, შშმ პირები) საკუთარი სახსრებით გამოუცვალა ამორტიზირებული სახლის სახურავები, ხოლო დანარჩენ ოჯახებს გადასცა სამშენებლო მასალები და ინვენტარი, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით.
“იმისთვის, რომ სტიქიის 100%-ით ლიკვიდაცია მომხდარიყო მუნიციპალიტეტის მერიას საკუთარი სახსრებით ყველა ოჯახზე უნდა მოეხდინა სამუშაოების შესრულება, რომლის ფინანსური შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა”, _ განმარტეს კომისიის სხდომაზე.
კომისიის სხდომაზე აუდიტის დასკვნის შესყიდვების ნაწილზეც გამახვილდა ყურადღება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო შესყიდვების გახორციელებისას, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ, ორ შემთხვევაში არასწორად მიანიჭა პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია. შედეგად, გაიზარდა შესყიდვის ღირებულება, რაც არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მერიამ განმარტა, რომ მერიაში შექმნილია სატენდერო კომისია, რომელიც იხილავს ტენდერების მიმდინარეობის პროცედურებს და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს და კომისიის ყველა წევრი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სატენდერო კომისია, მიმდინარე წელს აგრძელებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და მკაცრად გაკონტროლდება კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონთან მიმართებაში”, – ითქვა სხდომაზე.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში 7 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც სხვადასხვა დარღვევაზეა საუბარი.