ჯანდაცვის მინისტრი: სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს

491

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, რადგან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე. ამის შესახებ მან 26 თებერვალს იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შესამოწმებლად გადაიყვანეს ის მესაზღვრეები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი აღმოაჩინეს. მისივე განმარტებით, ინფიცირებულ პირს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.

“ცოტა ხნის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გუშინ შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში”, – თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტირაში, ხორვატიასა და საბერძნეთში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები უფრო მეტად ჩინეთის გარეთ ფიქსირდება, ვიდრე ჩინეთში.