წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს. სანატორიუმ „გეოლოგში” მცხოვრები დევნილები ამჯერად იმ ობიექტებთან შეიკრიბნენ, რომელსაც დევნილთა სამინისტრო აშენებს. ადგილობრივების თქმით, ავარიულ სანატორიუმში ცხოვრობენ და ისინი პირველები უნდა გაიყვანონ ახალ ბინებში.
დევნილები აცხადებენ, რომ რთული პირობების გამო მათ ბინები ქულების გარეშე უნდა მიეღოთ, ახლა კი სამინისტოში ეუბნებიან, რომ განცხადებები დაწერონ და ბინებს ქულების მიხედვით დაელოდონ.
ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
სანატორიუმში 55-მდე ოჯახი ცხოვრობს. „მინისტრი შეგვპირდა, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ, ამიტომ ველოდებოდით. კორპუსები აშენდა და ახლა გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ. ასეთ რეჟიმში, როდის მოგვიწევს არ ვიცით. გაუსაძლის პირობებში ვართ, ან დროულად გაგვიყვანენ, ან პერმანენტული აქციები დაიწყება და უკიდურეს ფორმას მივმართავთ, ჩვენ თავზე პასუხს აღარ ვაგებთ”, – აცხადებენ დევნილები.
ცნობისათვის, წყალტუბოში სანატორიუმ “გეოლოგში” მცხოვრებმა დევნილებმა პირველი აქცია 12 თებერვალს გამართეს. ადგილობრივები სანატორიუმში არსებულ პრობლემებს აპრტესტებდნენ და ერთობლივ გაყვანას მოითხოვდნენ. მათი თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვანა, რომ სანატორიუმი ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება.