წყალტუბოში სანატორიუმ “გეოლოგში” მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები სანატორიუმში არსებულ პრობლემებს აპრტესტებენ და ერთობლივ გაყვანას მოითხოვენ. მათი თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვანა, რომ სანატორიუმი ავარიულია და იქ ცხოვრება არ შეიძლება. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.
დევნილები ცუდი პირობების გამო დაუყოვნებლივ გაყვანას ელოდებოდნენ, მაგრამ დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ დეპარტამენტში განუცხადეს, რომ განცხადებები უნდა დაწერონ და ბინებს დაელოდონ.
დევნილები ამბობენ, რომ სამინისტროში განცხადებების შეტანის შემთხვევაში ბინებით დასაკმაყოფილებელთა სიაში “გეოლოგიდან” შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მოხვდეს.
“შენობა ავარიულია. საშინელი მდგომარეობაა, წყალში ვცურავთ, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. 4 წელია აქედან გაყვანას ვითხოვთ. სამინისტრომ განცხადებების დაწერა იმერეთის მასშტაბით გამოაცხადა. ჯერ ჩვენ დაგვაკმაყოფილონ და მერე სხვები. გვითხრეს, ინვესტორები მოვლენო, მაგრამ ჩვენ ინვესტორებს არ ველოდებით,”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილობრივების პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. სანატორიუმში 50 ოჯახი ცხოვრობს.
“გაუსაძლისი პირობებია, დასკვნაც არის, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება. ველოდებოდით, რომ პირველს ჩვენ გაგვიყვანდნენ და ახლადაშენებულ ბინებში შეგვასახლებდნენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ განცხადებები უნდა დავწეროთ და დაველოდოთ. რას უცდიან, რომ დავიხოცოთ და აღარ დაჭირდეთ ჩვენი გაყვანა? თუ არ დაგვაკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ, “-აცხადებენ ადგილობრივები.