ასეთ მდგომარეობაშია სკოლისკენ მიმავალი გზა ზუგდიდში

712

ზუგდიდში მდებარე XI საჯარო სკოლისა და დევნილთა დასახლების გვერდზე არსებული სკოლისკენ მიმავალი გზა, რომლითაც ყოველდღიურად ათობით ბავშვი სარგებლობს დაზიანებულია, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, არჩილ თოდუა, რომელიც პოსტს დაზიანებული გზის ფოტოებსაც ურთავს.

არჩილ თოდუას თქმით, აღნიშნული გზის გარშემო, კერძოდ, ლერმონტოვის ქუჩაზე ასფალტი ახლახან დააგეს, თბილისის ქუჩას კი ახლა აკეთებენ და წესით ამ მცირე მონაკვეთის აღდგენაც არ უნდა იყოს პრობლემა.

ადგილობრივების განცხადებით, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით მერიას წერილობითაც მიმართეს, რაზეც მერიიდან უპასუხეს, რომ მუნიციპალიტეტს საამისოდ დაფინანსება ჯერ არ მიუღია.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დაგეგმილი ნამდვილად არ არის, თუმცა დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად ჩატარდება.

“მოცემულ მონაკვეთზე ამ დროისთვის კაპიტალური გზის მშენებლობა დაგეგმილი არ არის, თუმცა აუცილებლად ჩატარდება დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა მოსახლებისთვის გადაადგილება გამარტივდეს”, – განმარტეს Droa.ge-სთან საუბრისას ზუგდიდის მერიაში.