დეპუტატის განცხადებას აბუჩად იგდებენ – რას ითხოვს ბათუმის საკრებულოს წევრი

607

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მის განცხადებას აბუჩად იგდებენ, ამ დრომდე არ მოუწესრიგებიათ ავტობუსის მოსაცდელი, რომლის მინებიც ჩამსხვრეულია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

არჩილ მამულაძემ დღეს კოლეგებს მოსაცდელის ფოტო თაბახზე დაბეჭდილი მიუტანა და სხდომაზე თქვა, რომ უკვე მესამედ დააყენა აღნიშნული საკითხი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

ის ირწმუნება, რომ მინები ქარის დროს დაზიანდა, წვიმაში კი მოსაცდელში გაჩერება შეუძლებელია.

”ხშირად დავდივარ მუნიციპალური ტრანსპორტით. დღეს ფოტო მაქვს წამოღებული. ეს არის მოსაცდელი, სადაც დღეს საშინელ მდგომარეობაში უწევდათ ბავშვიან ქალებს დგომა. უბრალოდ სირცხვილია, მესამედ გამომაქვს დეპუტატს ეს საკითხი. რა სიტყვები არ მიწოდეს ამ ე.წ. ასტანოვკაზე. ეს ადამიანებს არ დაუზიანებიათ, ქარმა გატეხა. უბრალოდ სირცხვილია, ამის გაკეთებას უნდა ორი-სამი საათი. შეიძლება ეს ბატონმა მერმაც არ იცის, რადგან შესაბამის სამსახურებს არ მიაქვთ მერამდე ეს საკითხი. დეპუტატის განცხადებას აბუჩად იგდებენ, მე ამის უფლებას არვის მივცემ. უბრალოდ იქ ვცხოვრობ და მრცხვენია,” – თქვა სხდომაზე არჩილ მამულაძემ.

საუბარია თამარის დასახლებაში არსებულ მოსაცდელზე, რომელიც N24 კორპუსის წინ მდებარეობს.