ბათუმის პლაჟების სასტუმროების მართვაში გადაცემის განხილვა გადაიდო

659
ბათუმი

წინა სტატია

ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებისთვის პლაჟების მართვაში გადაეცემის საკითხის საკრებულოში განხილვა დროებით გადაიდო. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბათუმის მერი მზად იყო, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში ბათუმის სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდული სასტუმროებისთვის პლაჟები მართვაში გადაეცა.  საკრებულოშიც უკვე შესული იყო ბათუმი თაუერისთვის პლაჟის მართვაში გადაცემის საკითხი და ორშაბათს ამაზე ბათუმის მერმა საინფორმაციო შეხვედრაზეც ისაუბრა, თუმცა, მერიამ საკრებულოდან საკითხის განხილვა უკან გაიწვია, თემის დეტალურად შესწავლისა და დაზუსტების მიზნით.

საკითხი ბათუმის საკრებულოში დღეს, 25 თებერვალს უნდა განხილულიყო.

ორშაბათს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებისთვის პლაჟების მართვაში გადაცემა განიხილება. მან განმართა, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება.

ბათუმის მერიის პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, “ბათუმი თაუერი” პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პირდაპირი წესით, იჯარის ფორმით გადაეცემა პლაჟი მართვაში.

“საზოგადოების ინტერესი იქნება დაცული და პლაჟის შემოღობვა არ მოხდება, იქ გადაადგილება ყველასთვის იქნება თავისუფალი,” – განაცხადა ლაშა კომახიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.