ბათუმის პლაჟები ბრენდულ სასტუმროებს მართვაში გადაეცემათ – მერი ამბობს, რომ მას არ შემოღობავენ

971

შემდეგი სტატია

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, სანაპირო ზოლში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს პლაჟები მართვაში გადაეცემა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

საკითხი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და დეპუტატები მასზე ხვალ, 25 თებერვალს, იმსჯელებენ.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით პლაჟების გასხვისება არ ხდება და კერძო კომპანიების სასარგებლოდ არ დაიხურება.

ბათუმის მერიის პროექტის თანახმად, სანაპირო ზოლის ის ნაწილი მიეცემათ სასტუმროებს მართვაში, რომელიც მის წინ მდებარეობს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, “ბათუმი თაუერი” პირველი სასტუმრო იქნება, რომელსაც პირდაპირი წესით, იჯარის ფორმით გადაეცემა პლაჟი მართვაში.

“საზოგადოების ინტერესი იქნება დაცული და პლაჟის შემოღობვა არ მოხდება, იქ გადაადგილება ყველასთვის იქნება თავისუფალი,” – განაცხადა ლაშა კომახიძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

რატომ გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა? ჟურნალისტებს ლაშა კომახიძემ უთხრა, რომ მომხმარებლებს აქვთ მოლოდინი და მოთხოვნა პლაჟზე გამართული ინფრასტრუქტურა და სერვისები იყოს, რომლის შეთავაზების შესაძლებლობა აქვს დიდ კომპანიებს.

“ვინაიდან ეს არის მაღალი დონის ბრენდული სასტუმროები, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მათ ინტერესებში იქნება ამ პლაჟების მაღალ დონეზე მოწყობა. როგორც გამოყენების თვალსაზრისით, ასევე იმ ობიექტების განთავსების თვალსაზრისით, რომელზეც ნება ექნებათ დართული.. აუცილებად, მათთან ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული, რომ საზოგადოების ინტერესები იყოს დაცული და არ დაიხუროს. პირიქით, იყოს სრული წვდომა ყველა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც იქნება პლაჟზე,” – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

კობახიძე ამბობს, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილ ამ პირობას მკაცრად გააკონტროლებს “ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია”, ასევე მკაცრად გაკონტროლდება იმ ობიექტების ვიზუალი, რომელიც იქნება განთავსებული პლაჟზე. გათვალისწინება მოხდება ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის და მასთან შესაბამისობაში მიიღება გადაწყვეტილებები.