ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე ხიდი, რომელიც სოფელ ძველ და ახალ ხიბულას ერთმანეთთან აკავშირებს, დაზიანებულია. აღნიშნულ ხიდით კი როგორ ქვეთად, ასევე, ავტოსატრანსპორტო გადაადგილებისთვის დღემდე იყენებენ.
ხიდთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია ფოტოსურათებთან ერთად „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც ხობის მერიაში ადგილობრივ გამოცემა “ლაივპრესს” განუცხადეს, ხიდი კომუნისტების პრეიოდში დაზიანდა და მას შემდეგ რეკონსტრუქციაც ჩაუტარეს, თუმცა ახლა შეკეთებას არ ექვემდებარება.
ამ ადგილას ახალი ხიდის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯერ კიდევ შარშან, 29 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება აგვისტოს ბოლოს დასრულდა და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდა. სამუშაოები შპს “კონსტრაქშენ სერვისმა” უნდა განახორციელოს. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 1 594 157 ლარია. უშუალოდ სამუშაოსთვის 1 509 254 ათასი ლარი დაიხარჯება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდის პროექტირება მალე დასრულდება, და მიმდინარე წელსვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოების დასასრულებლად განსაზღვრული ვადა კი, ხელშეკრულების თანახმად, 2022 წელია.
ხონის მერიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეებს შემოვლითი გზით მოუწევთ გადაადგილება, თუმცა მოძრაობა დაზიანებულ ხიდზეც შეეძლებათ, რადგან ხიდს ახლის მშენებლობამდე არ დაშლიან. ახალი ხიდი კი, 100 მეტრის მოშორებით მოეწყობა.