აუდიტი: მესტიის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების პირობების შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა

765

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აუდიტი: მესტიის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებების პირობების შეუსაბამოდ შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

აუდიტის ჯგუფმა 2019 წლის ივლისში შერჩევით დაათვალიერა მესტიის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. შემოწმებისას გამოვლინდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევები.

კერძოდ, შეუსაბამობებია შესრულებული სამუშაოების აქტებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და ობიექტების ფაქტობრივ მდგომარეობას შორის; ასევე, მუნიციპალიტეტს არ მიუღია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა და დაზიანებული ობიექტებისათვის მესტიის მუნიციპალიტეტს მიმწოდებლებისაგან არ მოუთხოვია ხარვეზების გასწორება საგარანტიო ვადაში, მაგალითად:

  • 2017 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც დაიწყო 2018 წლის იანვარში და დასრულდა სექტემბერში. ხელშეკრულების ფარგლებში შპს „გრინ ვეი 2012“- მა მოაწყო სოფელ ჩვაბიანის ხიდი – ღირებულებით 136.4 ათასი ლარი და სოფელ ჟაბეშის ხიდი – ღირებულებით 143.0 ათასი ლარი. ობიექტების დათვალიერებით ირკვევა, რომ ხიდების მისასვლელები დანგრეულია წყლის ნაკადის ზემოქმედების შედეგად და ავტოტრანსპორტის გადასასვლელად არ გამოიყენება. ამდენად, აუდიტის ცნობით, ხიდებს დაკარგული აქვს ძირითადი ფუნქცია, რაც ობიექტის მშენებლობის მიზანი იყო. ამასთან, აუდიტის ცნობით. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ხიდების იმგვარი მოწყობა და შემდგომი მონიტორინგი, რომელიც ინფრასტრუქტურული ობიექტის ხანგრძლივ ფუნქციონირებას განაპირობებდა.
  • 2017 წელს დაბა მესტიაში განხორციელდა აღმაშენებლის და გელოვანის ქუჩების რეაბილიტაცია.ობიექტის მშენებლობა დასრულდა 2018 წლის ოქტომბერში და ხელშეკრულების საკასო ხარჯმა 434.5 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოები შეასრულა შპს „ლიდერი+“-მა. ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წარმოდგენილია შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტის“ საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია ვიზუალურად და ლაბორატორიული დასკვნების შესაბამისად. უადიტის მიერ, ობიექტის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ასფალტის საფარზე ზოგიერთ ადგილზე შეინიშნება სეგრეგაციები და ორმული დაზიანებები, რომელთაგან ნაწილი დამუშავებული და შევსებულია.
  • ასევე, 2017 წელს მესტიის მუნიციპალიტეტმა სოფელ ფარსა და სოფელ ლენჯერში დაასრულა
    საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა. ხელშეკრულება გაფორმებულია 2016 წლის 15 სექტემბერს, ღირებულებით − 600.6 ათასი ლარი. სამუშაოები შეასრულა შპს „თი ემ“-მა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წარმოდგენილია შპს „ექსპერტ ჰაუსის“ საექსპერტო დასკვნა.სოფელ ფარის საბავშვო ბაღში შეინიშნება ვიზუალური ხარვეზები, კერძოდ, დაზიანებულია შენობის ფასადი, უხარისხოდაა მოწყობილი დამცავი ჯებირი და
    სხვა.

აუდიტის ცნობით, 2019 წლის ივლისის მდგომარეობით, საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დასრულდა 2017 წლის დეკემბერში.

“პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ობიექტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. მუნიციპალიტეტმა დადგენილ პერიოდში ვერ მიაღწია პროექტის განხორციელებით მოსალოდნელ შედეგს. შენობების ხარისხი სამშენებლო თვალსაზრისით უარესდება, ხოლო მოსახლეობა ვერ სარგებლობს მათთვის განკუთვნილი მომსახურებით”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

  • 2018 წელს მესტის მუნიციპალიტეტმა შპს „ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველოსაგან“ შეისყიდა სოფელ ლატალში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები. ობიექტის დასრულება გათვალისწინებული იყო 2019 წლის 18 თებერვლამდე. მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში გაირკვა, რომ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფდა სამუშაოების გაგრძელებას. კერძოდ, აუდიტის ინფორმაციით, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 396.8 ათასი ლარიდან შეასრულა მხოლოდ 32.9 ათასი ლარის სამუშაოები. 2018 წლის ოქტომბერში ხელშეკრულება შპს „ამხანაგობა მშენებლობა კასპიისპირეთის სამმართველოსთან“ შეწყვეტილია. მუნიციპალიტეტს არ მოუთხოვია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის ანაზღაურება, რის გამოც დაკარგა 19.8 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.
  • 2017 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ არცხელსა და სოფელ მურშკელთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები.ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „კოშკთან“, ღირებულებით − 76.9 ათასი ლარი. ფასების ცხრილის შესაბამისად, გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 2.2 ათას ლარს. აღსანიშნავია, რომ მიმწოდებელმა ტენდერში გაიმარჯვა არაზუსტად შედგენილი ფასების ცხრილით. კერძოდ, აუდიტის ანგარიშით, შესრულებული სამუშაოების ჯამს ნაცვლად 18%-ისა დღგ 14.6%-ის ოდენობით დაარიცხა. გარდა ამისა, სატენდერო კომისიას ხარვეზი არ გამოუვლენია, ფასების ცხრილის დაზუსტება არ მოუთხოვია და შპს „კოშკი“ გამარჯვებულად გამოაცხადა.

“სამუშაოების მიმდინარეობისას საჭირო არ გახდა გაუთვალისწინებელი სამუშაოების
შესრულება. შპს „კოშკმა“ გამოიყენა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთი და სრულად მოითხოვა
სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება. მუნიციპალიტეტმა მოთხოვნა არ
დააკორექტირა და მიმწოდებელს სრულად გადაუხადა 76.9 ათასი ლარი, საიდანაც 2.2
ათასი ლარი ზედმეტად გადახდილი თანხაა”, – წერს აუდიტი.

  • სოფელ არცხელსა და მურშკელთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პარალელურად, შპს „კოშკი“ აწარმოებდა სოფელ ჭოლაშის საავტომობილო ხიდის მშენებლობას. ხელშეკრულების ღირებულება 141.6 ათასი ლარი. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების ლითონის ზედაპირების შეღებვას ანტიკოროზიული საღებავით, რაც არ არის შესრულებული, ხოლო მიმწოდებელს აღნიშნული სამუშაოსათვის ზედმეტად აუნაზღაურდა 2.4 ათასი ლარი.

“საავტომობილო ხიდების მშენებლობის ხელშეკრულებები, სადაც დაფიქსირდა შეუსრულებელი სამუშაოები, ითვალისწინებდა სამუშაოების საექსპერტო დადასტურებას, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მისთვის საზიანოდ დაარღვია სახელშეკრულებო პირობა და არ მოითხოვა კონსტრუქციულად ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების შემოწმება, როგორიც ხიდებია”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა ჩაიბარეს ისეთი სამუშაოები, რომლებიც არ იყო შესრულებული ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად. გარდა ამისა, ზოგიერთი ობიექტი უფუნქციოა. აღნიშნულის შედეგად, მუნიციპალიტეტის, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის პირობები გაუარესებულია.

აუდიტი მიმართავს რეკომენდაციით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სრულდება ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;

ასევე, მოუწოდებს, რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით, გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებას და მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტებით სარგებლობის შესაძლებლობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.