აუდიტი: მესტიის მუნიციპალიტეტი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის კომპანიებს არ აჯარიმებდა, რის გამოც 360 ათას ლარზე მეტი დაკარგა

632

წინა სტატია

მესტიის მუნიციპალიტეტი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის კომპანიებს არ აჯარიმებდა, რის გამოც 360 ათას ლარზე მეტი დაკარგა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017-2018 წლებში განხორციელებული 74 ინფრასტრუქტურული პროექტიდან, გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა გათვალისწინებული იყო მხოლოდ 27 შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციით.

აუდიის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ წარადგინა განმარტება, რატომ არ იყო მოთხოვნილი გეგმა-გრაფიკი სხვა ტენდერებისათვის.

“აღსანიშნავია, რომ სატენდერო კომისია რიგ შემთხვევებში არღვევდა თავისსავე პირობას. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობა შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განიხილებოდა, როგორც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა და გამოიწვევდა დისკვალიფიკაციას. მიუხედავად ამისა, 8 ტენდერის შემთხვევაში, კომისიამ არ მოახდინა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია და ხელშეკრულებები გააფორმა გეგმა-გრაფიკის წარმოდგენის გარეშე”, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში წერია, რომ გეგმა-გრაფიკების მიხედვით სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლის მექანიზმის არარსებობამ, რიგ შემთხვევებში გამოიწვია ხელშეკრულების პირობების შესრულების შემოწმების სირთულე და პროექტის ჩაბარების ვადის მრავალჯერადად გადაწევა.

“კერძოდ, რვა ხელშეკრულებიდან დადგენილ ვადაში დასრულდა მხოლოდ ორი სამუშაო, დაგვიანდა ერთი სამუშაოს შესრულება, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხუთი ხელშეკრულების მიწოდების ვადა, მათ შორის, ერთი შეწყდა”, – წერია აუდიტში.

დანარჩენი 19 ხელშეკრულება კი სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებდა მიმწოდებლების მიერ შედგენილი თანხობრივი და კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტმა 9 ხელშეკრულებისათვის მიწოდების ვადები გაზარდა ისე, რომ გეგმა-გრაფიკების პარამეტრები არ შეუცვლია, შედეგად, დასარიცხი საჯარიმო თანხების მოცულობის დადგენა შეუძლებელია, რადგან ვერ შედარდა სამუშაოების დაგეგმილი და ფაქტობრივი შესრულების ყველა პერიოდი.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტების დანარჩენი 10 ხელშეკრულებისათვის − საერთო ღირებულება 1,654.3 ათასი ლარი, გეგმა-გრაფიკი დარღვეულია ყველა შემთხვევაში, თუმცა მუნიციპალიტეტს არცერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია საჯარიმო სანქცია, რაც 360 ათას ლარზე მეტია, მაგალითად: 2018 წელს მუნიციპალიტეტმა ტენდერის საშუალებით შეისყიდა ლატალის ტერიტორიულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, ღირებულებით − 360.0 ათასი ლარი.25 მიმწოდებელთან შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“ ხელშეკრულება გაფორმებულია 2019 წლის 22 იანვარს, რომლის მიხედვით, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 22 ივლისი.

“წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა გეგმა-გრაფიკი დაარღვია ყველა თვისათვის. კერძოდ, გეგმა-გრაფიკის თანახმად, შპს „ნევ სტაილ ბილდინგს“ 2019 წლის მაისის ბოლოსათვის შესრულებული უნდა ჰქონოდა 238.2 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები. მიმწოდებელმა ფაქტობრივად შეასრულა 58.2 ათასი ლარის სამუშაო. მუნიციპალიტეტს სათანადოდ არ გაუკონტროლებია გეგმა-გრაფიკის პერიოდების დაცულობა. შედეგად, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში მიმწოდებელზე არ გაუვრცელებია 144.0 ათას ლარზე მეტი საჯარიმო სანქცია”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, სამუშაოების მიწოდების გეგმა-გრაფიკის დაცულობა მესტიის მუნიციპალიტეტში ატარებს ფორმალურ ხასიათს, რადგან გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის არ დაუჯარიმებია არცერთი მიმწოდებელი. ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მიიღებდა დამატებით 360 ათას ლარზე მეტ შემოსავალს.

აუდიტი მიმართავს რეკომენდაციით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელშეკრულების პირობები განსაზღვროს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული მისი, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესი. მათ შორის, გამოიყენოს საჯარიმო სანქციების ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვის ობიექტების მიწოდების დაგვიანების პრევენციას.

ამასთანავე, მოუწოდებს, ჩაატაროს დაურიცხავი და გადაუხდელი ჯარიმების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად. მუნიციპალიტეტმა მომავალში საბოლოო ანგარიშსწორება განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ.

აუდიტის რეკომენდაცით, აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდას და მიმწოდებლების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას.