თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს ხელფასები ეზრდებათ. აღნიშნული საკითხი დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე გავა, რომელზეც თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილება.
დედაქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების თანახმად, თბილისის კულტურის სფეროს განვითარებისთვის გატარებული რეფორმების შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თებერვლიდან ხელფასები გაეზრდებათ მუნიციპალური თეატრების – ახმეტელის, პანტომიმის, სამეფო უბნისა და „გლობუსის“, თბილისის „ბიგ ბენდის“, თბილისის თანამედროვე ბალეტისა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლებს. მეორე ეტაპზე კი, სექტემბრიდან ხელფასები გაეზრდებათ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების, ასევე ბაგა-ბაღებისა და სხვა კულტურული ობიექტების თანამშრომლებს. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია თითოეული თანამშრომლისთვის 100-ლარიანი მატება.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის თქმით, ხელფასების მატება ნაწილია იმ განგრძობადი პროცესის, რაც ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესება-რეაბილიტაციას, ახალი ობიექტების შექმნას, ასევე მოდერნიზებას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას, ახალი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას
„დღეს საკრებულოს სხდომაზე თავს იყრის სამი პროცესი. პირველი არის ის, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თბილისის მასშტაბით არის უპრეცედენტოდ მაღალი. ამან საშუალება მოგვცა, სათანადოდ დავაფინანსოთ და ხელი შევუწყოთ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამ პრიორიტეტულ მიმართულებებში, რა თქმა უნდა, იგულისხმება სახელოვნებო, კულტურული და საგანმანათლებლო სფეროები დედაქალაქში. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ ხელფასების მატებით, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც დედაქალაქის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო სფეროზე ყოველდღიურად ზრუნავენ. მესამე პროცესი გახლავთ, ის, რომ ეს არის პრაქტიკულად ნაწილი იმ განგრძობადი პროცესისა, რომელიც გულისხმობს კულტურული, სახელოვნებო ობიექტების ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესება-რეაბილიტაციას, ახალი ობიექტების შექმნას, ასევე მოდერნიზებას, მენეჯმენტის გაუმჯობესებას, ახალი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვას და მათ განხორციელებას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.