აუდიტი: დუშეთის მერიამ ნაშთის სახით დარჩენილი თანხა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ვერ გამოიყენა

655

წინა სტატია

შემდეგი სტატია

დუშეთის მერიამ მნიშვნელოვანი მოცულობის თანხებით, რომელიც 2017-2018 წელს აუთვისებელი დარჩა, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები ვერ მოაგვარა, –  ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთი 4,022.4 ათას ლარს შეადგენდა, რომლიდანაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 3,962.9 ათასი ლარის გამოყენება, თუმცა ნაშთის ცვლილებით გამოწვეულმა ფულადი სახსრების ზრდამ 580.1 ათასი ლარი შეადგინა და წლის ბოლოს დაფიქსირდა ნაშთი 4,602.5 ათასი ლარი, მათ შორის 1,637.9 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთი იყო.

“2018 წლის ბიუჯეტით მუნიციპალიტეტმა დაგეგმა ნაშთის სრულად გამოყენება, თუმცა, წინა წლის მსგავსად ადგილი ჰქონდა ნაშთის ცვლილებით გამოწვეული ფულადი სახსრების დაგროვებას (913.0 ათასი ლარი) და 2019 წლის 1 იანვრისთვის ნაშთი შეადგენდა 5,515.5 ათას ლარს, მათ შორის, 1,290.4 ათასი ლარი თავისუფალი ნაშთი იყო”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის ინფორმაციით, როგორც ზემოაღნიშნული მონაცემებიდან ჩანს თითოეული წლის ბოლოს ფულადი სახსრების ნაშთის სახით რჩება მნიშვნელოვანი თანხები. მათი ნაწილი მიმართულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტები დროულად ვერ სრულდება ან სამუშაოების მიწოდების ვადა გადადის მომდევნო წელს, ანგარიშსწორება მიმდინარე საბიუჯეტო წელს ვერ ხორციელდება და გამოყოფილი თანხები წლის ბოლოს ირიცხება ნაშთად.

აუიტის ცნობით, თავისუფალი ნაშთის არსებობა ნაწილობრივ განპირობებულია შემოსავლების გეგმის გადაჭარბებით შესრულებითა და ბიუჯეტის შესრულების შედეგად დარჩენილი ეკონომიებით.

“2017 წელს შემოსავლების გეგმა შესრულდა 1,191.1 ათასი ლარის გადაჭარბებით, საიდანაც 792.1 ათასი ლარი წარმოადგენს ქონების გადასახადის სახით მიღებულ შემოსავალს. რაც შეეხება 2018 წელს, გეგმის ზევით მიღებულმა შემოსავალმა 608.9 ათასი ლარი შეადგინა. გადაჭარბება ძირითადად გამოწვეულია „სხვა შემოსავლების“ სახით მიღებული თანხებით.

აღსანიშნავია, რომ ქონების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლის დაგეგმვა მუნიციპალიტეტს არ შეეძლო, რადგან მის საპროგნოზო მაჩვენებელს იღებს ფინანსთა სამინისტროდან, ხოლო შემოსავალი ადგილობრივ ბიუჯეტში შემოდის წლის ბოლოს. თუმცა დანარჩენი შემოსავლებისა და სხვადასხვა საბიუჯეტო მუხლებში წარმოქმნილი ეკონომიების ოპტიმალურად განსაზღვრა და შესაბამისი თანხით სხვადახვა პროექტების დაფინანსება მუნიციპალიტეტისთვის შესაძლებელი იყო.

არსებული საბიუჯეტო ნაშთები მოიცავს აგრეთვე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2014-2016 წლებში მიღებულ დაფინანსებას, რომლის ათვისება და ხარჯვა მუნიციპალიტეტმა დროულად ვერ უზრუნველყო. 2017 წლის ბოლოს აღნიშნული თანხა შეადგენდა 311.0 ათას ლარს, ხოლო 2018 წლის ბოლოს – 233.4 ათას ლარს”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიო აუდიტის სამსახურის დასკვნის მხიედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2017-2018 წლების ბოლოს დუშეთის მერიას მნიშვნელოვანი მოცულობის თანხები აუთვისებელი დარჩა, მათ შორის თავისუფალი ნაშთი, ხოლო მუნიციპალიტეტში მოსაწყობია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი (ობიექტების ნაწილი დასასრულებელია, ან/და სარემონტო), მერიამ ვერ უზრუნველყო ბიუჯეტში ნაშთის სახით არსებული ფულადი სახსრების დროულად გამოყენება ამ პრობლემების მოსაგვარებლად. აღნიშნული მიანიშნებს მუნიციპალიტეტის მიერ საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან მართვაზე, მოსახლეობა კი დროულად ვერ სარგებლობს შესაბამისი სიკეთით.

აუიტის სამსახური მიმართავს დუშთის მუნიციპალიტეტს რეკომენდაციით, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად ან დაუსრულებელი პროექტების გასაგრძელებლად. ამასთანავე, ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.