ზუგდიდის სოფელ ერგეტის საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესი ვერ განახლდა. შენობაში 12 თებერვლის საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად, სახურავი დაიწვა. ამიტომ, ერგეთში ზუგდიდის მერის წარმომადგენლის, რომან გაბრავას თქმით, დროებით ბავშვებს ალტერნატიურ ფართში გადაიყვანენ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სავარაუდოდ სწავლა ხვალ, 14 თებერვლიდან განახლდება. რა დრო დასჭირდება სახურავის შეკეთებას, ჯერ ცნობილი არ არის. სოფელში მერის წარმომადგენლის აზრით, ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.
თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიება, რათა სწავლა მომავალი კვირიდან განაახლონ. განმარტეს – რადგან საუბარი ბავშვებს ეხებათ, ვალდებულები არიან, ობიექტი სხვადასხვა აუცილებელი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეარჩიონ.
“საბავშო ბაღების ადმინისტრაცია აქტიურადაა ჩართული, რათა სააღმზრდელო პროცესი მომავალი კვირიდან განახლდეს.
რაც შეეხება შენობის რეაბილიტაციის საკითხს, ამისთვის თავდაპირველად საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა, რათა დადგინდეს დაზიანების ხარისხი, რის შემდეგადაც გადაწყდება აღნიშნულ ობიექტზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების საკითხი”, – განაცხადეს მერიაში.
ცეცხლი საბავშვო ბაღში 12 თებერვალს გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბაღის გამგის შორენა მებონიას თქმით, აღსაზრდელები შენობიდან ცეცხლის გაჩენიდან მალევე გაიყვანეს, გარდა ამისა მოასწრეს ინვენტარის გამოტანაც..
“ექვსის წუთები იყო, როდესაც შევნიშნეთ. ბავშვები ორ წუთში გადავიყვანეთ უსაფრთხო ადგილას და ადგილობრივების დახმარებით, ინვენტარიც გავიტანეთ”,- ამბობს გამგე.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბაღში 28 ბავშვი იყო.
ერგეტში სამეგრელოში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.