თბილისში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა

1941

თბილისის საკრებულოს შენობაზე სამისამართე აბრა დამონტაჟდა. თბილისის საკრებულოს ცნობით, ისტორიულ შენობაზე აბრა, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ბირბიჩაძესთან და საკრებულოს აპარატის უფროსთან ელენე დუმბაძესთან ერთად, დაამონტაჟა. სამისამართე აბრასთან ერთად, შენობაზე თავისუფლების მოედნის ისტორიის შემცველი საინფორმაციო დაფაც განთავსდა.

როგორც სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, თბილისში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი გრძელდება. მისივე განმარტებით, აბრების დამზადება და დამონტაჟება დედაქალაქის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

„დედაქალაქში სამისამართე აბრების დამონტაჟების პროცესი განახლდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის მიერ ყოველწლიურად დაახლოების 13 ათას მისამართზე მონტაჟდება სამისამართე აბრა. ჩვენი მიზანია, რომ დედაქალაქში არ იყოს გეოგრაფიული ობიექტი მისამართის და სამისამართე აბრის გარეშე“, – აცხადებს თინათინ ნიბლოშვილი.

დღესვე, სამისამართე აბრები ვაკის რაიონში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზეც დაამონტაჟეს. თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, დედაქალაქში აბრების განთავსება ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება.