ოპოზიციის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის წინ მწვანე ღობითშემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დიდი ბანერი გააკრეს წარწერით “სირცხვილი”. ამავე შინაარსის წარწერა ბანერზე ინგლისურადაც არის დატანილი. გიორგი ვაშაძის გნცხადებით, ეს ბანერი არის იმის სიმბოლო, რომ ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მანამდე ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან “სირცხვილის კორიდორი“ მოაწყეს. პარლამენტის შენობაში შესასვლელ კარებზე ბოქლომის ჩამოკიდების მცდელობას კი დაპირისპირება მოჰყვა.
აქციები ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტვისტებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გასული წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.
პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.