ზუგდიდში 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

1279

მოქალაქეები ზუგდიდში ყოფილი სახანძროს სამსახურის შენობის ტერიტორიაზე, 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მოქალაქეები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, გუშინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და განუცხადეს, რომ თუ მაღალსართულიანი კორპუსი აშენდება, სასამართლოში იჩივლებენ.

„8 სართულიანში ვცხოვრობ, ახალი კორპუსის აშენებით იკეტება საჰაერო სივრცე და ირღვევა ბუნებრივი განათების პირობები, ასეთ სიახლოვეს 10 სართულიანი კორპუსის მშნებლობა მთლიანად დაფარავს მზის ამოსვლას და ჩასვლას“, – განაცხადა მოქალაქე გიორგი შენგელიამ.

მის მსგავსად, მრავალსართულიანი ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, მიმდებარედ, კომპანია „სანის“ კორპუსში მცხოვრებლები.

მანიკო გუგუჩიას თქმით, ისინი ქალაქის მერს შეხვდნენ და თავიანთი მოსაზრება და არგუმენტები გააცნეს, თუმცა ნებართვა მერიისგან მაინც გაიცა.

„თავის დროზე დაგვამადლა მერმა, თქვენ თუ ააშენეთ, ჩვენ რატომ არ გვაქვს მშენებლობის უფლებაო“, – განაცხადა მოქალაქემ.

რის პასუხადაც მას შეხვედრაზე მყოფმა მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ 2007 წელს, როცა კომპანია „სანიმ“ მრავალსართულიანი კორპუსი ააშენა, მაშინ სხვას რატომ უნდა შეუზღუდონ ამის უფლება.

ზუგდიდის არქიტექტურული განყოფილების უფროსის კობა მორგოშიას თქმით, ახალი პროექტის დოკუმენტაცია ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, ამიტომაც მერიამ გასცა მშენებლობის ნებართვა.

„კედიას ქუჩაზე დამკვეთს წარმოდგენილი აქვს შპს „ზუგდიდი პალასს“ 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტის მაკეტი, რომელზეც ზუგდიდის მერიის მიერ გაიცა მშენებლობის ნებართვა, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, მას აქვს დაცული ყველა სტანდარტი, ეს არის გეოლოგია, ექსპერტიზა, არქიტექტურული პროექტი, სახანძრო უსაფრთხობის ნორმები, შესაბამისად, შეთანხმებულ იქნა ობიექტი სიტუაციის მართვის საგენტოსთან. წარმოდგენილი პროექტი აკმაყოფილებდა დოკუმენტაციას და ამიტომ მერიას მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა“, – განაცხადა კობა მორგოშიამ.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საკითხის განხილვა მშენებელი კომპანიის თანდასწრებით უნდა გაგრძელდეს.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას განცხადებით, მომავალ კვირაში იგეგმება ინვესტორის მოწვევა და პროექტის პრეზენტაციის გამართვა.

ზუგდიდის საკრებულომ შარშან კომპანია „ვენჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ხელშეკრულება ისევ გაუფორმა.

კომპანიამ უძრავი ქონება მუნიციპალიტეტისგან 2015 წელს აუქციონის წესით, 363 ათას ლარად იყიდა იმ პირობით, რომ ქალაქში დააბანდებდა მილიონ ნახევარ აშშ დოლარს, შემოიყვანდა საერთაშორისო ბრენდს, დაასაქმებდა 70 ადამიანს. თუმცა მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ კომპანიას ორი წლის ვადაში ბიუჯეტის სასაგებლოდ 200 ათას ლარის გადახდა დააკისრა. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი 300 ათას დოლარის ოდენობის ჯარიმის.

კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე უნდა გახსნას „დანკინ დონატსი“. ასევე აამუშავოს „სმარტის“ სავაჭრო ცენტრი.

ზუგდიდის საკრებულომ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2017 წელსაც აპატია, როცა „ვენჯორჯია“ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა და ვალდებულების შესასრულებლად 2 წლის ვადა მიეცა. სხდომას მაშინ კომპანია „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა, რომელმაც სხდომაზე დადო პირობა, რომ ორ წელიწადში ზუგდიდში შემოვა საერთაშორისო ბრენდი, „დანკინ დონატსი“ ან „ვენდისი“.