კოსტავას გამზირზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “ინფო რუსთავს” რუსთავის მერიის ინფარსტრუქტურის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპისათვის ძირითად მონაკვეთზე ასფალტის ძველი საფარის დემონტაჟი (მოფრეზვა) და ახალი ასფალტის საფარის ქვედა ფენის დაგება დასრულებულდა. ასევე ძირითად ნაწილზე უკვე მოეწყო ბაზალტის ბორდიურები.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა ზაზაძის ინფორმაციით, ამ სამუშაოების დასრულების პარალელურ რეჟიმში, კოსტავას გამზირზე დაიწყება სარწყავი სისტემის მოწყობა.
საავტომობილო გზის კაპიტალური შეკეთება აღნიშნულ ტერიტორიაზე 2020 წლის აპრილის თვეში დასრულდება. სამუშაოებს შპს ,,გზა” ახორციელებს. ელექტრონული ტენდერის პირობების თანახმად, კომპანია მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მ. კოსტავას N21-დან ქარხნამდე მისასვლელ გზას გააკეთებს. პროექტზე 1 774 893 ლარი დაიხარჯება.
ჯამში კოსტავას ქუჩის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციისთვის 3 720 999 ლარია გათვალისწინებული.