ხონის მერია: აუდიტის სამსახურის მიერ დაწერილ შენიშვნებზე მოხდება სათანადო რეაგირება

941

წინა სტატია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს, სადაც ნათქვამია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის ორი ა(ა)იპის ფუნქციები დუბლირებულია, ხონის მერიაში უპასუხეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მოწოდებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურის შენიშვნებს რეაგირება მოჰყვება და ხარჯების შესამცირებლად რეორგანიზაციის პროცესი დაწყებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ძველი ქალაქი ავრცელებს.

“ა(ა)იპ-ების “ხონის სათნოების სახლისა”  და “ხონის მადლიერების სახლის” საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირების ყოველდღიურად სადილით უზრუნველყოფა. აღნიშნული ა(ა)იპების ფუნქციების დუბლირებასთან  და ხარჯთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწერილ შენიშვნებზე მოხდება სათანადო რეაგირება. დაწყებულია რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად ვმართოთ სერვისი და ნაკლები ბიუროკრატიული ხარჯით დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის საჭიროებები,”- ნათქვამია ხონის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტი აცხადებს, რომ ონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი ერთი და იმავე ფუნქცის ასრულებს, თუმცა ცალ-ცალკე ფუნქციონირებს. ორივე ა(ა)იპ-ის ფუნქცია ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფაა.

ამასთან, ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში, ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს და მათი ცალ-ცალკე ფუნქციონირების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი ორმაგდება.

ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ხონის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ანგარიშში.