პროკურატურა ლევან ხაბეიშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

757

წინა სტატია

მთავარი პროკურატურა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

„2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.

მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მანამდე, ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე საკრებულოს უმრავლესობის სამ წევრს- ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას ბრალი წაუყენეს. ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში – ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. მოგვიანებით, დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა.