„ევროპული საქართველოს” ბრალდებას ქუთაისის მერიაში არ ადასტურებენ. მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია განმარტავს, რომ ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან სახელმწიფო აუდიტი მერიაში არ ყოფილა. მისი თქმით, თვითმმართველობის სრულ ხარჯებზე ინფორმაციას მალე გაასაჯაროებენ.
„აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს მომავალში წარუდგენთ მოსახლეობას ინფორმაციას. ნამდვილად მიუღებელია დემაგოგია და ხალხის შეცდომაში შეყვანა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამჯერ მეტს ხარჯავდნენ ხელფასებსა და პრემიებზე და მაგათ დროს ყოველ მეორე თვეს გაიცემოდა პრემიები. ბოლო ორი წელი აუდიტი მერიაში არ ყოფილა და საიდანაა მოპოვებული ეს ინფორმაცია, გაუგებარია“, – განაცხადა ზვიად ჯავახიამ.
მისი თქმით, მერიის სახელფასო ფონდი 3,5 მილიონს არ აღემატება, რაც შეეხება თვითმმართველობის მთლიან ხარჯებს, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს, ამ მიმართულებით მოკვლევის შედეგებს აუდიტის სამსახური საზოგადოებას მალე აცნობებს.
“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაცია ქუთაისის მერიას ხარჯების დამალვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, მხოლოდ სახელფასო ხარჯებს მერიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მოახმარა