მიხეილ ჩიტაძე – გორის საინფორმაციო ცენტრი
ამბის მოყოლას შორიდან დავიწყებ:
2008 წლის ომის შემდგომ, საერთაშორისო დახმარების ზრდასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანადაფინანსებაზე, რაც საკრებულოსგან ყოველ პროექტზე ბიუჯეტში ცვლილებას ითხოვდა და დაკავშირებული იყო რუტინულ და დროში გაწელილ ბიუროკრატიულ პროცედურებთან. შექმნილ პრობლემაზე საპასუხოდ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა თანადაფინანსების პროგრამა, რის ფარგლებშიც ადგილობრივ ბიუჯეტში გაიწერა თანადაფინსებისთვის გამოყოფილი თანხა. ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლო, ზედმეტი პროცედურების გარეშე და ოპერატიულად გადაეჭრა ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები.
პროგრამის შემოღებით გაჩნდა შესაძლებლობა, მისი მოქმედება გავრცელებულიყო არა მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივ სსო-ებზე, არამედ სამეზობლო ამხანაგობებსა (კონდომინიუმების შემთხვევაში) და არარეგისტრირებულ კავშირებზეც (რამდენიმე მოსახლის გაერთიანება), რამაც 2009-10 წლებში ამ უკანასკნელთა რაოდენობისა და მათ მიერ რეალიზებული პროექტების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. დინამიკა პროგრამის მოცულობასაც დაეტყო: თუ პირველ წელს საკრებულომ მოცულობა მხოლოდ 50 000 ლარით განსაზღვრა, ორ წელიწადში იგი 200 000 ლარი გახდა[1].
მუნიციპალიტეტს მიეცა საშუალება, განეხორციელებინა ისეთი პროექტები, რომლებიც ცენტრალიზებული სისტემის პირობებში მის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდებოდა პირდაპირი ჩარევით, მაგრამ მეტისმეტად აქტუალური იყო მოსახლეობისთვის და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ამის კარგი მაგალითია სოფელ მეჯვრისხევის გაზიფიცირება: ომის შემდგომ სოფელმა დაკარგა წვდომა მიმდებარე ტყის მასივზე, საიდანაც მოპოვებული შეშა გათბობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი გათბობის გარეშე დარჩა. მოსახლეობამ, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, შეაგროვა ფული და მატერიალური საშუალებები, ხოლო მუნიციპალიტეტმა შეავსო დეფიციტი და ეს საქმიანობა მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩაითვალა არა გაზიფიცირებად (რაც ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შეჭრა და შესაბამისად, კანონის დარღვევა იქნებოდა), არამედ მოქალაქეთა ინიციატივის მხარდაჭერად. ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია.
2015-2016 წლებში ცენტრალური ხელისუფლება შეეცადა, ჩარეულიყო პროგრამის მუშაობაში და მუნიციპალიტეტს არაფორმალურად მოსთხოვა პროგრამა სახელმწიფო შესყიდვების კანონის ფარგლებში ჩაესვა, რაც არ იყო კანონის სავალდებულო მოთხოვნა. იმ ეტაპზე, გორის საინფორმაციო ცენტრის ძალისხმევით, თემის საკრებულომ უარი თქვა ცვლილების განხორციელებაზე, მაგრამ შემდგომ მაინც შეიტანა ცვლილება ხსენებულ დებულებაში. იმ ეტაპზე ცვლილება მხოლოდ გორის თემის მუნიციპალიტეტს შეეხო, ხოლო სასოფლო და ქალაქის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ ახალმა (გაერთიანებულმა) მუნიციპალიტეტმა თემის დებულებით იხელმძღვანელა და პროგრამის განხორციელების მექანიზმად დაამტკიცა.
შედეგად მივიღეთ ის, რომ შესყიდვების კანონის გამოყენებით, აბსოლუტურად გამოირიცხა მოქალაქეთა მონაწილეობა (როგორც შრომითი, ისე მატერიალური) პროექტის განხორციელების პროცესში და შემცირდა ხარჯთეფექტიანობა.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ნათლად წარმოაჩენს არსებული სისტემის ყველა ნაკლოვანებას.
სოფელ კოშკების შემთხვევა
მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პროექტის – „ადგილობრივი თემი და ხელისუფლება განვითარებისთვის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებაზე სოფლის მოსახლეობამ ყველაზე მწვავე პრობლემად ერთხმად დაასახელა მდინარეზე გადასასვლელი ბოგირის არარსებობა, რომლის გამოც მოსახლეობას სოფლის ერთი ნაწილიდან მეორეში მდინარეზე გადებული ფიცრის გადავლა უწევს, ხოლო მძღოლებს – პირდაპირ მდინარეზე გავლა, რაც წვიმიან სეზონსა და ზამთარში პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფელი მზად იყო, მიეღო შრომითი მონაწილეობა ბოგირის მშენებლობაში, ასევე, გამოეყო გარკვეული მატერიალური საშუალებები მშენებლობისთვის. ამასთან, პროექტით გათვალისწინებული იყო ამ პრობლემის მოგვარებისთვის თანადაფინანსება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ერთი შეხედვით, შეიქმნა იდეალური სიტუაცია მუნიციპალური თანადაფინანსების პროგრამის გამოყენებისთვის.
ჩვენი პირველადი შეფასებით, პროექტის ღირებულება, მოსახლეობის მონაწილეობის გათვალისწინებით, არ უნდა გასცდენოდა 10-14 ათას ლარს და საკმარისი იქნებოდა, მუნიციპალიტეტს შეეძინა საჭირო მასალები და განეხორციელებინა მშენებლობის ზედამხედველობა, ხოლო დანარჩენს სოფლის მცხოვრებნი საკუთარ თავზე იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ განხორციელებული ცვლილების გამო, ეს უკვე აღარაა შესაძლებელი და რომ არსებული რეგულაციების თანახმად, ეს სამუშაო უნდა განახორციელოს ტენდერის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ. ამ პირობამ საერთო პროექტის ღირებულება 23 000 ლარამდე გაზარდა დღგ-სა და მოგების გადასახადის გათვალისწინებით. ამასთან, გამოირიცხა ადგილობრივი მოსახლეობის შრომითი კონტრიბუციაც, რამაც კიდევ უფრო გაზარდა პროექტის ღირებულება.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტმა გამოყო შესაბამისი სახსრები პროექტის განსახორციელებლად და ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ჩავარდა, რადგან ვერ მოიძებნა კომპანია, რომელიც დაინტერესდებოდა მცირე მოცულობის პროექტის განხორციელებითა და შესაბამისად, მცირე მოგებით. იგივე შედეგით დამთავრდა მეორე ტენდერიც. მესამე ტენდერისთვის მუნიციპალიტეტმა გაამარტივა მოთხოვნები შემსრულებლის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტენდერიც ჩავარდა.
გაჩნდა იდეა, რომ სამუშაოები ადგილობრივ სათემო ორგანიზაციას შეესრულებინა პირდაპირი მიყიდვის წესით, რომლის საშუალებასაც მესამე ტენდერის ჩავარდნა იძლეოდა. მაგრამ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა უარი თქვა პირდაპირ შესყიდვაზე იმ მოტივით, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა რევიზია ცენტრალური ხელისუფლებიდან. გაიმართა მოლაპარაკება ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა სამუშაოს განხორციელებას, თუმცა, რიგით მე-4 ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღო, სავარაუდოდ, ისევ მცირე მოგების გამო.
მუნიციპალიტეტი თანახმაა, კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადოს და შემსრულებლად ადგილობრივმა სათემო ორგანიზაციამ შეიტანოს განაცხადი, მაგრამ აქ თავი იჩინა უკვე სხვა პრობლემამ: მუნიციპალიტეტმა ავანსის სახით, შესაძლოა, გასცეს პროექტის საერთო მოცულობის მაქსიმუმ 20%, რაც არ არის საკმარისი აუცილებელი მასალების შესაძენად. ასე რომ, საეჭვო ხდება საერთოდ პროექტის რეალიზება.
ეს მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ერთი შეხედვით მცირე ცვლილებამ შექმნა პარადოქსული სიტუაცია და რადიკალურად შეცვალა თანადაფინანსების პროგრამის არსი, გამორიცხა მოსახლეობის შრომითი და მატერიალური მონაწილეობა და შესაბამისად, თემის ამაგი (ownership) მიღწეულ შედეგზე; ფაქტობრივად, გააორმაგა ღირებულება, დროში გაწელა პროცედურები (პრობლემის გამოვლენიდან და გადაწყვეტილების მიღებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა) და დიდი ალბათობით, მოსახლეობას დაუკარგა სურვილი, ხელში აიღოს ინიციატივა საკუთარი გარემოს გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ იგივე მექანიზმი მოქმედებს და შესაბამისად, იგივე ტიპის პრობლემები წარმოიშვება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული, არამედ სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სხვა პროექტების თანადაფინანსების შემთხვევებშიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის ამ პრობლემას.
პრობლემის არსებობას კვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომელიც გორის საინფორმაციო ცენტრისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტის – “ადვოკატირება ეფექტური მონაწილეობისთვის” ფარგლებში განხორციელდა.
ყველა გამოკითხული (სსო-ები, ამხანაგობები, არარეგისტრირებული კავშირები, საინიციატივო ჯგუფები, მერიისა და საკრებულოს, ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები) ადასტურებს, რომ პროგრამა მოდერნიზაციას საჭიროებს, მაგრამ პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.
[1] ინტერვიუ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, ზვიად ხმალაძესთან. 2 აგვისტო, 2019