“თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უნდა გაძლიერდეს და რეგიონული მმართველობა არის ჩვენი პრიორიტეტი, მოვა რაღაც დრო, როცა ამაზე ფიქრი მოგვიწევს. ჩვენ თუ ვაკეთებთ უფლებამოსილების დელეგირებას, იმას გარკვეული ინსტრუმენტებიც სჭირდება, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ადგილობრივ დონეზე უკვე იმხელა უფლებამოსილებების დელეგირება მოვახდინეთ, რომლის კომპეტენციაც იქ ჯერ კიდევ არ გვყოფნის”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს, რომელმაც პარლამენტის სხდომაზე ჰესებიდან მიღებული მოგების გადასახადის ნაწილის ადგილობრივ ბიუჯეტში დატოვების საკითხი დააყენა.
გახარიას მიაჩნია, რომ დღეისათვის ადგილობრივ თვითმმართველობებს, უფლებამოსილებებთან ერთად, სერიოზული ფინანსური ინსტრუმენტები აქვთ გადაცემული, ამიტომაც ახლა ბალანსის დაცვაა საჭირო.
“მოვა დრო, როდესაც ფინანსური რესურსის სრული დელეგირებაც მოგვიწევს, მაგრამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე კომპეტენციის დონე კონცენტრირებულად გავზარდოთ. სხვანაირად ყველა ამ უფლებამოსილების დელეგირება ადგილზე ძაან სერიოზულ რისკებს ქმნის, მათ შორის, კორუფციულს, მათ შორის, კომპეტენციის და კიდევ ბევრი რამის”, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.
გახარიამ, ასევე, განაცხადა, რომ კონცეპტუალურად ეთანხმება, რომ ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები უნდა გაიზარდოს, თუმცა, მიაჩნია, რომ ამისკენ ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა წავიდნენ. “უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის 50%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად და მათი ყოველდღიური ცხოვრება სახელმწიფო სერვისების მიღების და სახელმწიფო მომსახურების სფეროში არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. ამიტომ შინაარსობრივად, კონცეპტუალურად, მართალია, რაც ადგილობრივ მოსაკრებელს და ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობას შეესაბამება (უნდა გადაეცეს – ავტ), მაგრამ მაქსიმალურად ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავაკეთოთ, იმიტომ, რომ დელეგირების იმ დონეზეც, რაც დღეს ჩვენ ადგილზე გვაქვს, კომპეტენციის ნაწილში იქ სერიოზული გამოწვევები გვაქვს”, – თქვა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობს. ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატად შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.
ამასთან, როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა საქართველოს მთავრობამ 2017 წელს, პრემიერ კვირიკაშვილის დროს დაიწყო და ამ დრომდე მუშავდება. მთავრობის მიერ სტრატეგიის დამტკიცება თავდაპირველად 2017 წლის, შემდეგ კი 2018 წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელი დაპირებით, მისი დამტკიცება სექტემბრის ბოლოს უნდა მოხდეს, თუმცა, დღეისათვის სტრატეგიის მხოლოდ სამუშაო ვერსიაა გამოქვეყნებული, რომელსაც საბოლოო სახე ჯერ მიღებული არ აქვს.