საკუთარი მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში გამოკითხულთა 87%-ს მონაწილეობა არ მიუღია – აცხადებს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებმაც droa.ge-ს ონლაინგამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა.
droa.ge დაინტერესდა, იყო თუ არა ჩართული მოსახლეობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 85.2%-ს საერთოდ არ გაუგია, ჩატარდა თუ არა მის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის საჯარო განხილვა. შესაბამისად, არც მის დაგეგმვაში მიუღია მონაწილეობა. 1.8% კი აცხადებს, რომ ბიუჯეტის განხილვაზე მიწვეული იყო, მაგრამ არ მივიდა.
გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა მიიღო. მათგან 8.2% აცხადებს, რომ საჯარო განხილვას დაესწრო, 3.8% მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში იყო ჩართული, ხოლო 1%-ის თქმით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრია და შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საბჭოს ფორმატში განიხილა.
ონლაინგამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 200-მა მომხმარებელმა მიიღო.
droa.ge-მ უკვე დაიწყო ახალი გამოკითხვა, რომლითაც გვსურს, გავიგოთ, ართმევს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას თავს? იმედი გვაქვს, იაქტიურებთ და დააფიქსირებთ საკუთარ მოსაზრებას.