შიდა ქართლში, მდინარეების, თეძამისა და ტანას ხეობებს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ კანონპროექტს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ამზადებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ორივე ხეობაში, დაცული ტერიტორიები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით, განისაზღვრება.
,,კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს მიმდინარე წელს წარედგინება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რომელიც ძალაში 2021 წლიდან შევა” – აცხადებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი.
დაცულ ტერიტორიებში შედის: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი და აღკვეთილის ტერიტორიები. ისინი მხოლოდ მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა.
საქართველოს კანონის ,,დაცული ტერიტორიების შესახებ” დაუშვებელია:
ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა.
ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.
ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, აგრეთვე აღკვეთილის ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტ ურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.
დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა.