ატენის ხეობას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, ამ პროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო.
“ეს არის საკმაოდ მნიშნელოვანი ინიციატივა, რომელიც გარემოს დაცვით უწყებასთან ერთად შემუშავდა. ეს ეხება კასპში რკონის ხეობას და გორში ატენის ხეობას. გვექნება დაცული ტერიტორია, რაც იმას ნიშნავს რომ ამ სტატუსის მქონე ტერიტორიას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. ბუნებრივია იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვებიც, მაგრამ ეს იქნება უფრო მეტი ტურისტისა და მნახველის მიზიდვის წერტილები და რაც მთავარია, ჩვენი ფლორა და ფაუნა უფრო მეტი ყურადღების ქვეშ იქნება. ეს არის ჰექტრობით სატყეო და მთის ზონები, სადაც იქნება დაცული ზონები”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ატენის ხეობისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პეტიციაც შეადგინეს.
პეტიციის ავტორი წერს, რომ წლების განმავლობაში დაუცველი და დანაგვიანებული ტერიტორია განადგურების ზღვარზეა.
“ატენის ხეობის ეკოლოგიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არა მარტო გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, არამედ ქვეყნის ეკოსისტემის, სოფლის მეურნეობის და ეკოტურიზმის განვითარებისათვის. ეს არ არის მხოლოდ ტყის შენარჩუნება, ეს არის ჩვენი ჟანგბადის, წყლის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება, განვითარება და გლობალური დათბობის გამოწვევების მიმართ მდგრადობა. სახელმწიფო არ ზრუნავს ატენის ხეობის შესანარჩუნებლად, მის მხრიდან არასათანადო ყურადღება და რეგულაციების ნაკლებობამ გამოიწვია ატენის ხეობის ეკოლოგიის დაუცველობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია ხეობას ჰქონდეს დაცული ტერიტორიის სტატუსი, რათა მისი მოვლა -პატრონობა განხორციელდეს ნორმატიული რეგულაციით და წესით. არ მოხდეს თუნდაც ინფრასტრუქტურის ქაოსური განვითარება ეკოლოგიის ხელყოფის ხარჯზე”, – წერია მანიფესტში.