სიღნაღში სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში შერჩეული 25 ინიციატივის პროექტირება იწყება

723

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტში შერჩეული 25 ინიციატივის პროექტირების სამუშაოები იწყება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. 

მერის პირველი მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოების განსახორციელებლად გამოცხადებულია ტენდერი.

მადონა ბატიაშვილის განმარტებით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყო, რომელსაც თავისი კოორდინატორები ჰყავდა.

პირველი ზონა მოიცავდა ქალაქ სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონა – ქალაქი წნორს, საქობოს ვაქირსა და ანაგას, მესამეში კი შედიოდა ბოდბისხვი, ჯუგაანი, ტიბაანი, ძველი ანაგა და მაჩხაანი.

ბატიაშვილის ინფორმაციით, პირველ ზონაში 10, მეორეში 5 და მესამეში 10 პროექტი განხორციელდება, რომლის ღირებულება 475 000 ლარს შეადგენს.

,,სულ შემოვიდა 91 საპროექტო განაცხადი, საიდანაც ვერიფიცირება გაიარა 42-მა და აქედან საბოლოოდ ავტორთან ერთად მუშაობით შევარჩიეთ 25 პროექტი, რომელიც უნდა განვახორციელოთ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროექტების განხორციელებისთვის გამოყოფილი თანხები გადანაწილდა სამ ზონაზე თანაბრად.

ეს პროექტები ბიუჯეტში დარგების მიხედვით უკვე არის ჩაშლილი. ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ეხება’’,- განუცხადა knews.ge-ს მადონა ბატიაშვილმა.

მერის პირველი მოადგილე მიუთითებს, რომ სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მიღებულ შედეგებსა და გამოცდილებებზე ისაუბრეს პარტიციპაციის პრაქტიკოსების მეოთხე საერთაშორისო ფორუმზე, რომელსაც 7 ქვეყნის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

“ფორუმს კახეთიდან მე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხუროშვილი ვესწრებოდით. მონაწილეებს მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა არსებულ და შესაძლო გამოწვევებზე. ასევე გაგვეცვალა აზრები დემოკრატიული ინიციატივების შემდგომი განვითარებისათვის.

ფორუმს ესწრებოდა შვიდი ქვეყნის ორასზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი, ოფიციალური პირები, აგრეთვე ექპსერტები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციისა და ფონდის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ თანამონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებას. ქართული დელეგაცია აღნიშნულ ფორუმში საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის (PL) მხარდაჭერით ჩაერთო’’,– აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.