გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს ხუთი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ამისთვის 930 ათასი ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„რეაბილიტირდება ხუთი სკოლა: ქალაქის პირველი, მეორე და მესამე, ასევე ველისციხისა და ჩალაუბნის საჯარო სკოლები. პირველ რიგში შეკეთდება სველი წერტილები, სახურავი, კარ-ფანჯარა და ცენტრალური გათბობა. თუ ჩამოთვლილიდან რომელიმე სკოლას აღნიშნული პრიორიტეტები უკვე მოწესრიგებული აქვს, მაშინ ჩატარდება კოსმეტიკური რემონტი. სამუშაოებს განათლების სამინისტრო აფინანსებს. შარშანაც ხუთი სკოლა გარემონტდა. მილენიუმის პროექტით გაკეთებული სკოლების გარდა, ყველა სკოლის დოკუმენტაცია შეძენილი და დაესქპერტიზებული გვაქვს. უბრალოდ მივდევთ თანმიმდევრულად, რიგითობა დაცულია იმის მიხედვით, თუ სად უფრო ბევრი პრობლემა“.
მისივე თქმით, მერია მზად არის სამუშაოებზე ტენდერები გამოაცხადოს. კოტე ბერიძიშვილის განმარტებით, ისინი ცდილობენ სამუშაოების შესრულება ზაფხულის არდადეგებს დაემთხვას, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს.