ყოველწიურად 130 სამხედრო წვრთნის ჩატარებამ ოკუპირებული ტერიტორიები და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთი დიდ სამხედრო ბაზად აქცია, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გაყინულ კონფლიქტებთან არ გვაქვს საქმე. სიტუაცია იქ სტატიკური არ არის და დინამიურია ნეგატიურ კონტექსტში, როცა საქმე უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება. ორივე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი უფრო და უფრო იზოლირებული და გასამხედროებული ხდება. რუსეთის სამხედრო პერსონალის რაოდენობა 10 000-მდეა გაზრდილი. 300 000 ადამიანს, რომელიც დევნილობაშია უარს ეუბნებიან საკუთარ სახლში დაბრუნებაზე, ხოლო იქ დარჩენილი ადამიანები განვითარების მცირე პერსპექტივის წინაშე დგანან“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება ცხინვალთან დამაკავშირებელ ერთადერთი გზის ჩაკეტვაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმი „ულტიმატუმის ენით საუბრობს“.
„საოკუპაციო რეჟიმს არ ერიდება და ულტიმატუმის ენით საუბრობენ, ითხოვენ, რა ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებას. ეს ვითარება განსაკუთრებით მძიმეა იმ ახალგორისთვის, რომელიც ქართული მოსახლეობით არის დასახლებული. ისინი სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში იმყოფებიან… ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად უარი ეთქვათ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაზე“,-განაცხადა ციხელაშვილმა და დასძინა, რომ დღეს ის ახალგორელების სახელით საუბრობს და აცხადებს, რომ გზა დაუყოვნებლივ უნდა იყოს გახსნილი.