გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პაკეტი 2020 წლისთვის 1 644 000 ლარით განისაზღვრა. საკითხი საკრებულოს დეპუტატებმა გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცეს.
გურჯაანის საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხით 19 პროგრამა დაფინანსდება, რომელთა შორის შედის სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი სტუდენტების სწავლის დაფინანსება. კონკრეტულად კი, მცირე საოჯახო ბავშვთა სახლებში გაზრდილ სტუდენტებს სწავლა ერთი წლის განმავლობაში 1 000 ლარით დაუფინანსდებათ.
ასევე, პროგრამით დაფინანსდებიან სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლის უსახლკარო ახალგაზრდები და მათი ბინის ქირით უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად 100 ლარი გამოიყოფა.
გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანებს პროგრამას- “აირჩიე პროფესია”, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 100 მოზარდი პროფესიული განათლების პრაქტიკულად გაცნობის მიზნით, პროფესიული კოლეჯის 5 დღიან საზაფხულო ბანაკში გაიგზავნება.
როგორც გურჯაანის საკრებილოში განმარტავენ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც აქვთ 30 000 და ქვემოთ სარეიტინგო ქულა და ჰყავთ 4 ან მეტი მცირეწლოვანი ბავშვი საჭიროების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 1 000 ლარიან დახმარებას მიიღებენ.