„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკართან გასული წლის ნოემბერში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.
საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. მათივე ცნობით, ჩხრეკისას ბესტაევს 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს.
ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა დახმარებოდა თავის მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები ამ საქმის უგულებელყოფით საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა თავისი მოქალაქის გასანთავისუფლებლად. ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ხელჩუას მახლობლად ზარდიაანთკარის მკვიდრი 1968 წელს დაბადებული გენადი ბესტაევი გასული წლის 29 ნოემბერს დააკავეს.