ოკუპირებულ ახალგორში უკვე ოთხი თვეა საქართველოს 1500-მდე მოქალაქეს თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. შექმნილია მედიკამენტების და სურსათის დეფიციტი. ამის შესახებ სიუჟეთს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადაყვანა ესაჭიროებათ. ყველაფერი კი ხუთ სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა, ახალგორში გადასასვლელი გზა ჩაკეტეს.
მას შემდეგ მუნიციპალიტეტში მედიკამენტები და სურსათი რუსეთიდან შეაქვთ, რამაც ფასები თითქმის გაახუთმაგა. მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
ცნობისათვის, დეფაქტო რეჟიმმა ახალგორთან გამშვები პუნქტი 5 სექტემბერს ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც მათი ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა.
ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.