ლაშა დარსალია: მთავარი ამოცანა ახალგორის გადასასვლელის უმოკლეს დროში გახსნაა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ

726

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

მთავარი ამოცანაა, უმოკლეს პერიოდში ახალგორის გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გადასასვლელების  ჩაკეტვა ადგილზე მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას ქმნის.

„ეს ადგილზე ქმნის საკმაოდ მძიმე ჰუმანიტარულ ფონს. ეს გამოიყენება, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, რაც ცალსახად მიუღებელია. ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ უმოკლეს პერიოდში მოხდეს ამ გადასასვლელის გახსნა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში კი – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მექანიზმების შეღწევა ოკუპირებულ რეგიონებში. ამ ძირითადი მიმართულებებით ვმუშაობთ. პირველ რიგში ამაზე ვსაუბრობთ  ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც ამ მიმართულებებით მუდმივად გვიჭერენ  მხარს“ ,- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისათვის, დეფაქტო რეჟიმმა ახალგორთან გამშვები პუნქტი 5 სექტემბერს ჩაკეტა, მას შემდეგ, რაც მათი ულტიმატუმი ჩორჩანასთან ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღებაზე, არ დაკმაყოფილდა.

ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე, ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს აგების შემდეგ დაიძაბა. 29 აგვისტოს ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არ განიხილება.